English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ვლადიმერ ბასარია
გეოეკონომიკის როლი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.02.VLADIMER.BASARIA

ანოტაცია. სტატიაში საუბარია გეოეკონომიკის მნიშვნელობასა და როლზე ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში; ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და იმპორტირებული კაპიტალის სარგებლიანობასა და საფრთხეებზე ეროვნული ეკონომიკისათვის; ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი გეოეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე; საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის პრინციპებზე; გეოეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის ზრდის კვალობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარ გამოწვევებზე და ქვეყნის გეოეკონომიკური სტრატეგიის ფორმირების გზით ეროვნული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაზე.

სტატიაში გაკეთებულია დასკვნები ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების, ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის, ტრანსნაციონალური კომპანიების გეოეკონომიკური მიდგომით შეფასების მნიშვნელობაზე; ტრანსნაციონალური კომპანიების საქმიანობის (ტრანსნაციონალიზებული კაპიტალის მოძრაობის) სახელმწიფო კონტროლის აუცილებლობაზე; რეკომენდებულია აღნიშნულ საკითხებზე სამეცნიერო წრის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღების გამახვილება.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული უსაფრთხოება; გეოეკონომიკა; გეოპოლიტიკა; გლობალიზაცია; საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია; ტრანსნაციონალური კორპორაციები.

შესავალი

ეროვნული უსაფრთხოება ერისათვის აუცილებელი ყველა იმ პირობის დაცვას გულისხმობს, რომელიც მისი არსებობისა და მდგრადი განვითარებისთვის არის საჭირო. თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევები და საფრთხეები სულ უფრო რადიკალურად ცვლიან სახელმწიფოების საქმიანობის შინაარსსა და მიმართულებებს ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში - საზოგადოებრივი ურთიერთობების სწრაფი განვითარების კვალობაზე ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ სრულჰყონ და დახვეწონ საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები. პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცულობა კი სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა მხოლოდ.

****

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნებს შორის შრომის საერთაშორისო დანაწილებასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურებამ მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში სოლიდური ცვლილებები გამოიწვია, რაც მეტწილად პროდუქციის, კულტურისა თუ ინფორმაციის გაცვლის ინტენსიობის ზრდის კვალობაზე მსოფლიოს ურთიერთდამოკიდებულების დონის მკვეთრად მატებას უკავშირდება: „ეკონომიკური სივრცე და  ბაზარი დღეს უკვე აღარ ასოცირდება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიასთან; სისტემა „ბაზარი-სახელმწიფო“ სულ უფრო მეტად უთმობს საკუთარ ადგილს სისტემას „ბევრი სახელმწიფო-ბაზარი“, ახალი სისტემის ურთიერთობები კი იმ საერთაშორისო ეკონომიკური ნორმატივებით რეგულირდება, რომლებიც ეროვნულ კანონებთან შედარებით იერარქიულად სულ უფრო მაღალ საფეხურს იკავებს (Черная И.П. «Геоэкономика». 2012, стр.14.)“.

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გლობალიზაციის, გეოპოლიტიკურ პროცესებზე მსოფლიოს მეურნეობრივი კავშირების გავლენის, ეკონომიკური მართვის გლობალური სისტემის ორგანიზება-ფუნქციონირების საკითხების კვლევა-ანალიზის აუცილებლობამ ახალი მეცნიერების - გეოეკონომიკის წარმოშობა განაპირობა.

გეოეკონომიკური მეცნიერება თეორიულ და ემპირიულ შემადგენლებს მოიცავს: თეორიული გეოეკონომიკა შეისწავლის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კანონზომიერებების მოქმედებას, ქმნის საკუთარ თეორიებსა და მიდგომებს, იკვლევს გლობალური გეოეკონომიკური განვითარების გზებს; გამოყენებითი გეოეკონომიკა უფრო  პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას უთმობს ყურადღებას, გლობალური ეკონომიკური კონცეფციებისა და თეორიის კონკრეტულ გამოვლინებებს აანალიზებს.

გეოეკონომიკის დისციპლინა სახელმწიფოებისა თუ გეოპოლიტიკის სხვა სუბიექტების გეოპოლიტიკურ დოქტრინებსა და ქცევებს ეკონომიკური პოზიციიდან გამომდინარე იკვლევს. შინაარსობრივად მეცნიერება მოიცავს გეოგრაფიის, პოლიტიკის, ეკონომიკის ელემენტებს და წარმოადგენს სწავლებას, რომელიც მსოფლიოს სტატიკური და დინამიკური სტრუქტურის, ეროვნული და გლობალური გეოეკონომიკური პროცესების ანალიზისათვის გეოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მიდგომების გარკვეულ სინთეზს ახორციელებს.

ეკონომისტების გარკვეული ნაწილი გეოეკონომიკას გეოპოლიტიკის შემადგენელ, თუმცა მაღალი ავტონომიის მქონე ნაწილად მიიჩნევს; ზოგი გეოპოლიტიკას და გეოეკონომიკას ერთმანეთთან მჭიდრო ურიერთკავშირში განიხილავს, ზოგიც გეოეკონომიკას მოდერნიზებულ გეოპოლიტიკად აღიქვამს. მიუხედავად ამ ახალი მეცნიერების შინაარსობრივი განსაზღვრების არაერთგვაროვნებისა, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: გეოეკონომიკა თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკის მძლავრი ინსტრუმენტია. გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოს პოლიტიკურ-მეურნეობრივი პროცესების ანალიზისადმი გეოეკონომიკური მიდგომა სახელმწიფოს მეწარმეობრივი ფუნქციის რეალიზაციის საშუალებას აძლევს, განაწყობს რა ხელისუფლებას კონკურენციისათვის ხელსაყრელი ინსტიტუციური გარემოს შექმნისაკენ, რაც ბიზნესის  უსაფრთხოების, პოლიტიკური და სოციალური რისკების მინიმიზაციის გარანტიაა. გეოეკონომიკური მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ნაციონალური ეკონომიკის განხილვა მართებულია მსოფლიო სამეურნეო პოზიციიდან გამომდინარე - ეროვნული ეკონომიკა თანამედროვე ეპოქაში უნდა განიხილებოდეს როგორც მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი, რომელიც სხვა ნაწილებთან თანაარსებობს. ეს ნიშნავს, რომ ცალკე აღებული ქვეყნის განვითარების ანალიზი გლობალური სისტემის პროგრესის გაანალიზების გარეშე ვერ იქნება სრულყოფილი და სარწმუნო. სწორედ ამის გამო ენიჭება გეოეკონომიკურ მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოს სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების დასახვისა და გადაწყვეტის საქმეში; გეოეკონომიკური ანალიზის შედეგიანობაზეა  დამოკიდებული დიდწილად სახელმწიფოს უნარი - გაუმკლავდეს მსოფლიო ბაზარზე ბოლო პერიოდში გახშირებულ საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისებსა თუ საერთაშორისო გეოეკონომიკურ კონფლიქტებში ჩართვის საფრთხეებს, წარმატებით გაართვას თავი ღია თუ შეფარულ გეოეკონომიკურ ომებს (მის ელემენტებს), თავიდან აირიდოს დამაზიანებელი სანქცირების რისკები და სხვა.

ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი სერიოზული კვლევების განხორციელება შრომის საერთაშორისო დანაწილების გათვალისწინების გარეშე დღეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია - მხედველობაში აუცილებლადაა მისაღები ის რეალობა, რომლის მიხედვით ჩვენს ეპოქაში კონკურენცია ქვეყნებს შორის კი არ ხდება იმდენად, რამდენადაც იმ ტრანსნაციონალურ კვლავწარმოებით სისტემებს შორის მიმდინარეობს, რომლებიც საკუთარ თავში გლობალურ ფინანსურ მონოპოლიებს, უმსხვილეს საერთაშორისო საწარმოო კომპანიებს, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რეგულირების ზენაციონალურ ორგანოებს აერთიანებენ.

გლობალური ბაზრის ყველაზე აქტიური მოთამაშეების - ტრანსნაციონალური კორპორაციების დონეზე[1] გეოეკონომიკური მეცნიერების როლი მდგომარეობს ამ სუბიექტების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაში. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას სოლიდური გავლენა აქვს კორპორაციების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, კორპორაციების ეკონომიკურ-ტექნოლოგიური განვითარების დონე კი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე აისახება მეტად თუ ნაკლებად.

ტრანსნაციონალური კორპორაციების ფუნქცია (რომელსაც ხშირად სამყაროს გულ-სისხლძარღვის ფუნქციასაც კი ადარებენ, რადგან მის იმპულსებს - პირდაპირ ინვესტიციებს, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, მატერიალურ ნაკადებს, აქციებსა და სხვებს - მთელი ორგანიზმი მოქმედებაში მოჰყავს), ამ უმსხვილესი კომპანიების როლი და მნიშვნელობა მსოფლიო სამეურნეო-პოლიტიკურ სისტემაში დღითი დღე მატულობს. შესაბამისად, იზრდება მათი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ კულტურული გავლენა იმ სახელმწიფოებზე, რომლებშიც ეს გიგანტები სხვადასხვა ფორმით ოპერირებენ. ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომელთა საქმიანობის სტრატეგია ინოვაციური აგრესიულობითა და დინამიზმით, შიდაკორპორაციული სტრუქტურის მუდმივი სრულყოფა-დახვეწითა და პროდუქციის გამოშვებაში მსოფლიოში საკვანძო მეურნეობრივი პოზიციის დაკავების სურვილით გამოირჩევა, დღეისათვის პლანეტის სამრეწველო ნაწარმის 65%-ს უზრუნველყოფენ; მსოფლიოს ხორბლის, სიმინდის, ყავის, თამბაქოს, რკინის მადნის, სპილენძის, ჩაის, ნავთობის, ბანანის ბაზრების 85-90%-ს მოიცავენ; აშშ-ში საექსპორტო ოპერაციების 50% სწორედ უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით ხორციელდება (ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს, ხოლო სინგაპურში 90%-ს აღემატება); ტრანსნაციონალური კორპორაციები აკონტროლებენ უცხოური ინვესტიციების 70%-ს, აწარმოებენ და ყიდიან ელექტრონული, ქიმიისა და მანქანათმშენებლობის პროდუქციის 80%-ზე მეტს და ა.შ. ამასთან აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს (და მთლიანობაში ეკონომიკის დარგებს) განსხვავებული გავლენა აქვთ სახელმწიფოს გეოპოლიტიკაზე, ამიტომ მათი როლისა და მნიშვნელობის შეფასება მართებულია მხოლოდ გეოეკონომიკური პოზიციიდან გამომდინარე (მეპ-ის ფორმირებაში შეტანილ წვლილთან ერთად, ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იქნას კორპორაციების გავლენა სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და მის მდგრადობაზე).

ზემოთ მოყვანილი შთამბეჭდავი ინფორმაცია ნაციონალური ეკონომიკებისათვის ტრანსეროვნული კაპიტალის განსაკუთრებულ სარგებლიანობა-მნიშვნელობაზეც მიუთითებს. თუმცა, როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს - იმპორტირებულ კაპიტალს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სერიოზული ზიანის მიყენებაც შეუძლია: კაპიტალის უკონტროლო გადააგილება მეტად სახიფათოა ნაციონალური ვალუტისათვის; ტრანსეროვნული კაპიტალის გამოყენებით შესაძლებელია ადგილობრივი კომპანიების წნეხში მოქცევა და ქვეყნის საწარმოო სპეციალიზაციის იძულებით შეცვლაც კი. ამიტომ ტრანსნაციონალური კომპანიების საქმიანობა სახელმწიფოს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების გაჩენისთანავე კი მათ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივ-ეკონომიკური ინსტრუმენტები უნდა იქნას ამოქმედებული.

ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ საფინანსო სფეროში იჩენს განსაკუთრებით თავს, რადგან ფინანსებია (უფრო ზუსტად - ტრადიციული და ვირტუალური საფინანსო ბაზრების გლობალური ქსელი - გეოფინანსებია) ეროვნულ ეკონომიკაში შეღწევის ის მოსახერხებელი არხი, რომელიც მოვალე ქვეყნის ჯერ ფინანსური, შემდეგ კი სოციალურ-ეკონომიკური კონტროლის საშუალებას იძლევა (კოლონიალიზმი და ვასალიტეტი თანამედროვე ფორმებს ძირითადად ამგვარად ღებულობს). მაშასადამე, გეოფინანსების როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერის არეალით და სახელმწიფოების მიერ საკმაოდ ხშირად გამოიყენება როგორც სტრატეგიული თავდასხმის (თავდაცვის) ინსტრუმენტი.

გასაგებია, რომ  ფინანსურ (და მთლიანობაში გეოეკონომიკურ) ინტეგრაციაზე უარის თქმა ქვეყნისათვის ფაქტობრივად განვითარებაზე უარის თქმას გულისხმობს, და რომ ვერცერთი საზოგადოება ვერ იქნება კონკურენტუნარიანი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების გარეშე - საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა ხელს უწყობს და უზრუნველყოფს მასში მონაწილე ქვეყნების საწარმოო შესაძლებლობების მაღალი ეფექტიანობით გამოყენებას, ე.ი. მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღებას. საწარმოო ძალების განვითარების ამჟამინდელი დონე, შეზღუდული რესურსების უკეთესად, მეტი უკუგებით გამოყენების აუცილებლობა განაპირობებს იმას, რომ დღევანდელ პირობებში არც ერთი ქვეყნისათვის არ არის მიზანშეწონილი „ყველაფერი თავისი ჰქონდეს“. ეკონომიკური ინტეგრაცია და ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები უზრუნველყოფს მათში ჩართულ ქვეყნებში წარმოების ფაქტორებისა და ფინანსების რაციონალურად გამოყენებას. თუმცა ინტეგრაციის პროცესი რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ყოველმხრივ და გამუდმებულ ყურადღებას მოითხოვს, ეს უდავოა - მსოფლიოს მეურნეობრივი ურთიერთობები, სამწუხაროდ, შორსაა დეპოლიტიზაციისაგან, თამაშის ერთიანი ცივილიზებული წესების განუხრელი დაცვისაგან, ან თუნდაც თავად მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ-დეკლარირებული საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის პრინციპებისადმი ერთგულებისაგან, რომელთა მიხედვით:

  • ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში არ უნდა ჰქონდეს ადგილი რომელიმე მათგანის ეკონომიკის ზარალიანობას სხვათა მიზეზით;
  • სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების მოწესრიგება - მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, ძალის რეალური გამოყენების თუ გამოყენების საშიშროების (მუქარის) გარეშე;
  • საგარეო - ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნების ეკონომიკის დასუსტების მიზნით (ვთქვათ, ეკონომიკური ბლოკადა, თუ კი ეს არ არის დაწესებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, როგორც იყო, მაგალითად, 90-იან წლებში ერაყსა და იუგოსლავიასთან მიმართებით);
  • დაუშვებელია ეკონომიკური ურთიერთობების გამოყენება სხვა ქვეყნების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ჩარევის მიზნით (აქაც გამონაკლისები შეიძლება დაშვებულ იქნეს გაეროს გადაწყვეტილებით, თუკი ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული ნორმების დარღვევას, მაგალითად, ხალხის გენოციდს).

გეოეკონომიკური თავდაცვის უზრუნველსაყოფად (ან პირიქით, ინტერვენციისათვის - გეოეკონომიკური მოძღვრების თანახმად, თანამედროვე პირობებში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის ჯეროვნად განვითარებისათვის, თავდაცვის ორგანიზებასთნ ერთად, მნიშვნელოვანია გარკვეული ექსპანსიის წარმოებაც, ანუ ეკონომიკური გავლენის შეძლებისდაგვარად გაძლიერება საკუთარი ტერიტორიების მიღმა არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ფინანსურ ნაკადებზე და მისთ.), საჭიროა გააზრებული, გრძელვადიანი და კომპლექსური გეოეკონომიკური სტრატეგია და სახელმწიფო აპარატი, რომელსაც ამ სტრატეგიის განხორციელება ხელეწიფება.

გეოეკონომიკურ დაპირისპირებებში მნიშვნელოვანი როლი სახელისუფლებო ბიუროკრატიას რომ აკისრია, ამას გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერი-ეკონომისტი, ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ედვარდ ლუტვაკიც უსვამს ხაზს: „ქვეყანაში ისეთი ბიუროკრატიის არსებობა, რომელსაც გეოეკონომიკური აზროვნების უნარი გააჩნია, სახელმწიფოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ თამაშებში წარმატების მიღწევის საწინდარია“ (ე. ლუტვაკი, ტურბოკაპიტალიზმი, 1999).

ბიუროკრატიაში პროფესიონალი კადრების მოზიდვისა და მომზადება-გადამზადების საკითხებს წამყვანი სახელმწიფოები სხვადასხვაგვარად უდგებიან. მაგალითად, აშშ-ში ეს ამოცანები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურების დონეზე წყდება; საფრანგეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, აშშ-ის სისტემისაგან განსხვავებით, ნაკლებად ლიბერალურია, ამიტომ იქ ამ კატეგორიის საკითხები ძირითადად სახელმწიფო დონეზე რეგულირდება.

სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გეოეკონომიკური ინსტრუმენტის მაღალხარისხიანად გამოყენება, როგორიც ეკონომიკური დიპლომატიაა. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება დამოკიდებულია სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ისეთ საგარეო-ეკონომიკურ ღონისძიებებზე, როგორიცაა საგარეო ბაზრების ათვისებაში ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციებისა და ტექნოლოგიის მოზიდვა, ექსპორტისათვის გზის გაკვალვა და ა.შ. თუ ადრე დიპლომატიის მთვარ ამოცანად პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ითვლებოდა, დღეს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ისეთი მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური ამოცანების დიპლომატიური გზებით მოგვარებას, როგორიცაა მსოფლიოს ეკონომიკურ არენაზე ეროვნული ინტერესების დაცვა, საერთაშორისო კონფლიქტების თავიდან აცილება, ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამეურნეო კავშირების განვითარება.

ქვეყნის გეოეკონომიკური ამოცანების შესრულება დამოკიდებულია მსოფლიოში მიმოფანტული ნაციონალური რესურსების მობილიზაციის შესაძლებლობაზე - დიასპორების ხელში საკმაოდ სოლიდური ფინანსური კაპიტალია აკუმულირებული, რომლის ეროვნული ინტერესებისათვის გამოყენება სახელმწიფოს პრიორიტეტად უნდა იქცეს. დიასპორის კუთვნილ ფინანსურ კაპიტალთან ერთად, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს აქტივს წარმოადგენს საზღვარგარეთ (განსაკუთრებით განვითარებულ რეგიონებში) მცხოვრებ თანანმემამულეთა პროფესიული ცოდნა, განათლება, უნარ-ჩვევები, რომლებსაც  ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საქმეში.

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფად დღესაც წარმატებით  გამოიყენება ისეთი გეოეკონომიკური ინსრუმენტები, როგორიცაა შეიარაღებული ძალები (ტრადიციულისაგან ერთგვარად განსხვავებული ფუნქციით) და სახელმწიფო სპეცსამსახურები.

სადაზვერვო (მ.შ. სამხედრო-სადაზვერვო) სამსახურები, მოიპოვებენ რა ცალკეული ქვეყნების, ტრანსნაციონალური კორპორაციების, სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ გაერთიანებების გასაიდუმლოებულ ფასეულ ინფორმაციას, აძლიერებენ სახელმწიფოს გეოეკონომიკურ ფუნქცია-მნიშვნელობას. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. გეოეკონომიკურ დაზვერვას სახელმწიფოები არა მხოლოდ მტრულად განწყობილი სუბიექტების მიმართ ეწევიან, არამედ ჯაშუშობენ მეგობრების (პარტნიორების) წინააღმდეგაც. სპეციალურად „თეთრი სახლისთვის“ 1990-იანი წლების დასაწყისში განხორციელებულმა კვლევებმა უჩვენა (და ეს შემდგომში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომაც დაადასტურა), რომ მხოლოდ მეგობარი ქვეყნების (გერმანია, სამხრეთ კორეა, იაპონია, საფრანგეთი) მხრიდან განხორციელებული ჯაშუშური ქმედობის შედეგად ამერიკული საწარმოები ყოველწლიურად მილიარდი დოლარის ზარალს ღებულობდნენ. ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევის შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფლება-მოვალეობები და გაიზარდა მისი დაფინანსება (შეიქმნა სპეციალური განყოფილება სახელწოდებით „Strategic and Business Group”, რომლის მთავარ ამოცანად  განისაზღვრა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის ტექნოლოგიური კვლევა-გამოგონებების მონიტორინგი და სამამულო მრეწველობის უცხოური დაზვერვისაგან დაცვის უზრუნველყოფა). ცალკე აღნიშვნას იმსახურებს იაპონიის სადაზვერვო საქმიანობა, რომლის ბიუჯეტის 80%-ზე მეტი ეკონომიკურ დაზვერვაზე იხარჯება; გეოეკონმიკური დაზვერვის მაღალი აქტივობით გამოირჩევიან ბრიტანეთის და შვედეთის სახელმწიფო სამსახურებიც.

გეოეკონომიკური დაპირისპირებისათვის უცხო არ არის კრიმინალის როგორც ინსტრუმენტის გამოყენების პრაქტიკაც - დანაშაულებრივი საქმიანობის მაღალი დონე ხომ ინვესტიციების განხორციელებას უშლის ხელს, ასუსტებს ფირმების კონკურენტუნარიანობას, იწვევს რესურსების უსამართლო გადანაწილებას, ამცირებს წარმოების ეფექტიანობას და მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.

გეოეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის ზრდის კვალობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსოფლიოს სამეურნეო სივრცეში ინტეგრაციისას უცხოელი მწარმოებლების არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან სამამულო ბაზრის ეფექტიან დაცვაში მდგომარეობს. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამართული გეოეკონომიკური სტრატეგიის ფორმირება, რომელიც  მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლების, ეკონომიკის დინამიკური განვითარების, მსოფლიო თანამეგობრობაში საქართველოს პოზიციების გამყარების მიზნებს დაეფუძნება. ქვეყანამ საკუთარი გეოეკონომიკური უპირატესობები მაქსიმალური სარგებლიანობით უნდა გამოიყენოს,   ოპტიმალურად და ეფექტიანად განახორციელოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების განმაპირობებელი ისეთი გეოეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზება, როგორიცაა: შრომითი, ბუნებრივი, ეკონომიკური (საწარმოო, ინსტიტუციური, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, საინოვაციო) რესურსების პოტენციალი და გეოპოლიტიკური პირობების გამოყენების საშუალებები (გეოგრაფიული მდგომარეობა და სატრანზიტო ფუნქცია, მოსაზღვრე თუ სხვა სამეურნეო პარტნიორ ქვეყნებთან ისტორიულად ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ვექტორების თანაარსებობისა და დივერსიფიცირების საშუალებები).

დასკვნები და რეკომენდაციები

  • გეოეკონომიკა თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკის მძლავრ ინსტრუმენტად იქცა;
  • ქვეყნის განვითარების ანალიზი გლობალური სისტემის განვითარების გაანალიზების გარეშე ნაკლებად სარწმუნოა;
  • ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი სერიოზული კვლევების განხორციელება შრომის საერთაშორისო დანაწილების გათვალისწინების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება;
  • ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი და მნიშვნელობა მსოფლიო სამეურნეო-პოლიტიკურ სისტემაში განუხრელად იზრდება, შესაბამისად, მატულობს მათი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული გავლენა იმ სახელმწიფოებზე, რომლებშიც ისინი სხვადასხვა ფორმით ოპერირებენ;
  • ტრანსნაციონალურ კორპორაციებს (და მთლიანობაში ეკონომიკის დარგებს) განსხვავებული გავლენა აქვთ სახელმწიფოს გეოპოლიტიკაზე, ამიტომ მათი როლისა და მნიშვნელობის შეფასება მხოლოდ გეოეკონომიკური პოზიციიდან გამომდინარეა მართებული;
  • ტრანსნაციონალური კომპანიების საქმიანობა (ტრანსნაციონალიზებული კაპიტალის მოძრაობა) სახელმწიფოს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების გაჩენისთანავე კი მათ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივ-ეკონომიკური ინსტრუმენტები უნდა იქნას ამოქმედებული;
  • ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (და მთლიანობაში ეკონომიკის განვითარებისათვის) გადამწყვეტად მნიშვნელოვანია გამართული გეოეკონომიკური სტრატეგიის ფორმირება, გეოეკონომიკური უპირატესობების მაქსიმალური სარგებლიანობით გამოყენება, გეოეკონომიკური რესურსებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად რეალიზება. 

ლიტერატურა: 

  • Luttwak E. Turbo-Capitalism. Winners and Losers in the Global Economy. NY.: HarperPeren. 1999
  • Luttwak E. TheEndangeredAmericanDream.NY.: Touchstone. 1993.
  • გ. კვინიკაძე. გეოეკონომიკის საფუძვლები. (ელექტრონული რესურსი https://old.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/geoekonomikis%20safudzvlebi.pdf).თსუ. თბილისი. 2017.
  • ლ. ბახტაძე, შ. ვეშაპიძე, თ. ზუბიაშვილი. გეოეკონომიკა. (ელექტრონული რესურსი https://digitallibrary.tsu.ge/book/2021/sep/readers/bakhtadze-geoekonomika-reader.pdf).თსუ. თბილისი. 2021.
  • ბასარია ვ., ბასარია რ. ეკონომიკის პრინციპები. საქართველოს აკადემიური გამომცემლობა. თბილისი. 2017.
  • И.Ф. Игнатьева, Б.А. Исаев. Геоэкономика как структурный элемент геополитики. Вестник Томского государственного университета Философия. Социология. Политология. 2018. № 44
  • Глущенко В.В. Геоэкономический фактор обеспечения национальной безопастности государства. (ელექტრონული რესურსი https://nbpublish.com/library_get_pdf.php?id=35005). 2015.
  • Черная И.П. Геоэкономика. Учебное пособие. Изд-во «ДАШКОВ И Ко.»2012.


[1] საერთაშორისო ვაჭრობაში ტრანსნაციონალური კორპორაციების წილი დღეისათვის 50%-ს აღემატება, ამ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხოვნობა კი 100 მლნ-ზე მეტს შეადგენს.